English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ავთანდილ სულაბერიძე იოსებ არჩვაძე ვლადიმერ სულაბერიძე
საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია და პოტენციალი დამოუკიდებელობის აღდგენიდან დღემდე

საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც გარე მიგრაცია მოსახლეობის და სამუშაო ძალის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თამაშობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის მიგრაციაზე მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

სტატიაში დასაბუთებულია, რომ საქართველოს მიგრაციული პროცესები ექვემდებარება მიგრაციის ზოგად კანონზომიერებებს და მიგრაციის არსებული თეორიებიდან გამომდინარეობენ. შესაბამისად, მიგრაციის ნეოკლასიკური და სოცოლოგიური კონცეფციების ფონზე მოცემულია, საქართველოს სტუდენტთა, როგორც პოტენციურ მიგრანტთა, უცხოეთში მიგრაციის მოტივაციები და პირობები, რომელთა შემთხვევაშიც ისინი უკან დაბრუნდებიან.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობის ბუნებრივი მატება ვეღარ ფარავს გარე მიგრაციის მაღალ უარყოფით სალდოს და აღინიშნება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი კლება. დეფორმაცია განიცდა მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურამ და მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერება. აღინიშნა დეპოპულაცია. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით გაუკაცრიელებულია 223 სოფელი.

ემიგრაცია ძირითადად სამფაქტორიანი პროცესით წარიმართა: ერთი მხრივ,
სსრკ-ს დაშლის შემდეგ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოში მცხოვრები ათეულ ათასობით სხვა ეროვნებების წარმომადგენელი; მეორე მხრივ, ეთნიკური კონფლიქტების შედეგად დაკარგული ტერიტორიებიდან ემიგრაცია გაზარდა დევნილთა დიდ მამასამ და მესამე, სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსით, დღემდე არსებული უმუშევრობის მაღალი დონით და ოჯახის სიღარიბით გამოწვეული ემიგრაცია.

ემიგრაციულ პროცესს ახალი იმპულსი მისცა ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2017 წლის აპრილიდან საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებამ. მართალია, რეგულაციებით ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ერთდროული ყოფნის ხანგრძლივობა 90 დღითაა ლიმიტირებული, მაგრამ ქვეყნიდან გასულთა არც თუ მცირე რაოდენობამ (4 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ) უკვე „მოასწრო" ევროკავშირში ყოფნის ვადების დარღვევა.

1960-2000 წწ. გარე მიგრაციის შედეგად საქართველოს მოსახლეობას დააკლდა 1404 ათასზე მეტი ადამიანი, საიდანაც 1990-2000 წლების პერიოდზე მოდიოდა 1026 ათასი კაცი (73,1%). შეფასებითი მონაცემებით, 2000 წლისთვის 1989 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19%-ით შემცირდა.

გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო წელიწადში მოსახლეობის 1000 სულზე თუ 1990-2000 წწ. საშუალოდ შეადგენდა -19,2 კაცს 2000-2017 წლებისათვის იგი მნიშვნელოვანად შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტენსივობა 2-ჯერ და მეტად შემცირდა, მაინც საკმაოდ მაღალი რჩება (-8,5). აღნიშნული მიანიშნებს ერთი მხრივ, ემიგრაციული და იმიგრაციული ნაკადების რაოდენობრივ ცვლილებებზე, მეორე მხრივ კი, პოტენციურ ემიგრანტთა სავარაუდო შემცირებაზე,

1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით 2014 წელს ქვეყნაში მოსახლეობა შემცირდა 1740 ათასით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა – 1436 ათასით, რაც შემცირებული მოსახლეობის 82,5%-ია. ამჟამად მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი დაახლოებით 2-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში (შესაბამისად, 22,2% და 41,4%). აღნიშნულის შედეგად ქვეყნიდან გასულთა შორის 85 % 20-დან 50 წლამდე ასაკისანი არიან, მაშინ როდესაც ამ ასაკობრივი ჯგუფის წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში მხოლოდ 40,2%-ია.

2002-2017 წწ. მიგრანტთა ბრუნვის დინამიკა სქესობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ მამაკაცთა შორის 2013 წლამდე ემიგრანტები სჭარბობდნენ იმიგრანტებს, ხოლო 2017 წელს იმიგრანტებმა გადააჭარბეს ემიგრანტებს. ეს შეიძლება აიხსნას ერთი მხრივ, მათი რაოდენობრივი პოტენციალის შემცირებაზე, მეორე მხრივ, მიგრაციული ქცევის ცვლილებაზე – სავარაუდოდ მათ სამშობლოში დაბრუნების გაზრდილ სურვილზე.

მამაკაცთაგან განსხვავებით ქალთა შორის ანალოგიური უკუპროცესი ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება,

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერით, ქალ ემიგრანტთა შორის, პედაგოგთა რაოდენობა გაიზარდა და უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი პროფესია უადვილებს უცხოეთში ძირითადად დასაქმდნენ ძიძებად, მომვლელებად, მოახლეებად დამეორადი ბაზრისთვის დამახასითებელ დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე. უცხოეთში არსებული სირთულეებიდან ქალები ძირითადად გამოყოფენ კლიმატთან შეუგუებას და დაძაბული სამუშაო რეჟიმს. ქალთა ჯანმრთელობის დაქვეითების მიზეზი დაძაბული სამუშაო რეჟიმის გარდა (50%) არაჯანსაღი სოციალური გარემო (12%), და ჰაერის სინესტეა. მათ შორის დიდია ნევროზით დაავადებულთა წილი [შელია მ. 2017: 122-124].

2002 წელთან შედარებით 2014 წელს, შესამჩნევად გაიზრდა 15-64 წლის და 65 წელს გადაცილებულ იმიგრანტთა ასაკობრივი ჯგუფის წილი, რაც გარკვეულწილად ადასტურებს ზემოთქმულს, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობრივი ზრდის თაობაზე. ამ ფონზე 15 წლამდე ასაკის იმიგრანტთა წილის შემცირება, ჩვენი ვარაუდით, ძირითადად გამოწვეული უნდა იყოს ამ ასაკის ემიგრანტთა ასაკობრივი ზრდის შედეგად, 15-64 წლების ასაკობრივ ჯგუფში გადასვლით და ნაკლებად – ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე.

2002 წელთან შედარებით 2014 წლისთვის ემიგრანტთა ეროვნულ სტრუქტურაში 60,9%-დან 83, 8%-მდე გაიზარდა ქართველთა წილი და შემცირდა სხვა ეროვნებათა წილი: აზერბაიჯანელების – 5,9%-მდე, სომხების – 5,0%-მდე, რუსების– 0,9%-მდე, ოსების – 0,7%-მდე, ბერძნების -0,4 %-მდე. ამასთან, თუ 2000 წლამდე ამ ეროვნებათა დიდი ნაწილი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, დღეისათვის (გარდა ოსებისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორის და ცხინვალის ტერიტორიაზე დარჩა) მათ უცხოეთში ემიგრაციას ქართველებთან ერთად, ძირითადად, დასაქმება და მატერიალური პირობების გაუმჯობესება განსაზღვრავს. ამასთან, გაიზარდა სასწავლებლად წასვლის (6,6%-დან 11,0%-მდე) და საკუთარ ოჯახთან დაბრუნების ან ოჯახის შექმნის მიზნით წამსვლელთა რაოდენობა.

საკუთარ ოჯახთან დაბრუნების ან ოჯახის შექმნის მიზნით წამსვლელთა რაოდენობის ზრდა, უცხოეთში ცხოვრების ხანგრძლივობის ზრდის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს. თუ 2000 წლისთვის 5 წელზე მეტი ხანგრძლივობით ცხოვრობდა 40%-მდე ემიგრანტი, 2014 წლისთვის, ეს მაჩვენებელი 68,8%-მდე გაიზარდა. მათგან განსხვავებით, 2002 წლის 58, 0%-დან 2014 წლისთვის 18,5%-მდე შემცირდა 5 წლამდე უცხოეთში მცხოვრებთა წილი, რაც ასევე მიუთითებს საქართველოში ემიგრანტთა პოტენციალის შემცირებაზე.

 2014 წლისთვის ემიგრანტთა 70,8 % მუშაობდა, 10,3% სწავლობდა, 5,6% ეძებდა სამუშაოს, ხოლო მათი მცირე ნაწილი მკურნალობდა (1,7%) და სარგებლობდა სოციალური დახმარებით (1,1%). მათგან 7,1% სხვა მიზეზით არის უცხოეთში, ხოლო 3,4%-მა არ მიუთითა.

 აღსანიშნავია, რომ თუ 2002 წლისთვის რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა მთელ ემიგრანტთა 64,1%, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მათი რაოდენობა 2014 წლისთვის 2.5-ჯერ და მეტად შემცირდა, რაც ასევე განაპირობა რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ. ამ ფონზე უცხოეთში მცხოვრებ მიგრანტთა რაოდენობა იგივე დონეზე დარჩა თურქეთში (11,3%), ხოლო გაიზარდა იტალიაში (შეადგინა 10,9%), გერმანიაში (7,1%), აშშ-ში (5,7%), ესპანეთში (4,1%), საფრანგეთში (3,7%) და სხვა ქვეყნებში.

უმაღლესი, პროფესიული და საშუალო განათლების მქონე ემიგრანტთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი (60,5%), 10%-ზე მეტი წილით: რუსეთში (21,6%), საბერძნეთში (16,2%), თურქეთსა (11,5%) და იტალიაში (11,1%) არიან წარმოდგენილნი. მათგან უმაღლესი განათლების მქონეთა 64,4% რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში და აშშ-ში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ძირითადად არალეგალური მიგრანტი მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები და ტექნიკური დარგების წარმომადგენლები არიან, თუმცა საკუთარი სპეციალობით არ მუშაობენ და შესაბამისად, შრომის მეორად ბაზარზე „მოღვაწეობენ“, რაც იწვევს მათ დეკვალიფიკაციას.

რაც შეეხება რეგიონებიდან უცხოეთში ემიგრაციას, 2002-2014 წლების მონაცემებით, უმრავლეს შემთხვევაში, ემიგრანტებში (88,5 ათასი კაცი) ქალები სჭარბობენ მამაკაცებს და ქალაქის მოსახლეობიდან მეტი იყო ემიგრაცია, ვიდრე სოფლიდან. ემიგრაციის ინტენსივობა ყველაზე მაღალია იმერეთიდან, თბილისიდან და ქვემო ქართლიდან. ემიგრაციის შედარებით დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რაც აჭარისგან განსხვავებით სიღარიბესთან ერთად განაპირობა ამ რეგიონების მოსახლეობის რაოდენობრივმა სიმცირემ, დაბერების მაღალმა დონემ და პოტენციურ მიგრანტთა შემცირებამ. რაც შეეხება აჭარას, აქ ემიგრაციის დაბალ დონეს ძირითადად განსაზღვრავს მისი საკურორტო პოტენციალიდან მიღებული შედარებით მაღალი შემოსავლები, თურქეთთან მეზობლობით ჩამოყალიბებული „ქანქარისებური მიგრაცია“, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ხანგრძლივი ვადით მიგრაციას და სხვა.

ზოგადად, საქართველოში შიგა მიგრაციაში მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა ადამიანმა (იგულისხმება ყველა პირი, ვინც შეიცვალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ფარგლებში). ყველაზე მეტი შიგა მიგრანტი თბილისზე (33,1%) და შემდეგ იმერეთზე (15,1%), სამეგრელო-სავანეთზე (9,6%) და კახეთზე (8,6%) მოდის, რასაც უმუშევრობის მაღალი დონე განაპირობებს, ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე (1,1%), მცხეთა-მთიანეთზე (3,3%) და გურიაზე (3,1%) მოდის, რასაც მიუხედავად უმუშევრობის და სიღარიბის მაღალი დონისა, ამ რეგიონებში დემოგრაფიული დაბერების მაღალი დონე განსაზღვრავს.

მოსახლეობის 2002 და 2014 წლების საყოველთაო აღწერების თანახმად მოსახლეობის ზემო ასაკებში მიგრაციის პოტენციალის თანდათან შემცირების ფონზე, სტუდენტთა, როგორც პოტენციურ მიგრანტთ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, გამოკითხულ სტუდენტთა 42,7% აპირებს საზღვარგარეთ წასვლას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 100 ათასზე მეტი სტუდენტია, გამოდის, რომ დაახლოებით 43-45 ათას სტუდენტს განზრახული აქვს საქართველოს დატოვება. უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სწავლის საშუალო ხანგრძლივობის (დაახლოებით 4-5 წელი) და – შესაბამისი კონტინგენტის რიცხოვნობის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ გასვლის მსურველ სტუდენტთა კონტინგენტი ყოველ კურსზე 10 ათასს აღემატება, მაშინ, როდესაც საშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რაოდენობა ბოლო წლებში დაახლოებით 30-35 ათასის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან სტუდენტთა გასვლის ორი მთავარ მოტივზე (განათლების მიღება და შრომითი საქმიანობა). მოდის საზღვარგარეთ წასვლის მსურველთა 9/10-ზე მეტი. მათგან დაახლოებით 3/5 საქართველოს დატოვებას აპირებს უახლოეს სამ წელიწადში, 2/3 კი – მოგვიანებით. გასვლის მოტივაცია გოგონებში უფრო მაღალია, ვიდრე ვაჟებში.

სტუდენტთა რიცხოვნობის გთვალისწინებით, ყოველწლიურად საზღვარგარეთ წასვლის მსურველთაგან, 5-ათასიანი კონტინგენტი გადაწყვეტილებას – სამშობლოში დაბრუნების თაობაზე მიიღებს უკვე უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ, აქედან 350-400 ახალგაზრდას აქვს ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება საქართველოში არდაბრუნების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული სალდო შეადგენს დაახლოებით 15 ათასს, შეიძლება ითქვას, რომ მათი დაახლოებით ერთი მესამედი ის კონტინგენტია, რომლებმაც ეხლახანს დაამთავრეს საქართველოში უმაღლესი განათლების, როგორც წესი, პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) და მიემართება ცოდნისა და „ბედის საძიებლად“ საზღვარგარეთ.

 საზღვარგარეთ წასვლის მოტივაციად, სტუდენტთა 34,2% მიიჩნევს უცხოეთში სწავლის შემდეგ საქართველოში დასაქმების უფრო მეტპერსპექტივას; 12,1% იქვე დასაქმებისა და საცხოვრებლად დარჩენის საშუალებას. ამასთან, მამაკაცებში სჭარბობს მუშაობის, ხოლო ქალებში – სწავლის მოტივი.

ქვეყნიდან გასვლის გეოგრაფია საკმაოდ მრავალ ვექტორულია და გამგზავრების მზაობას გამოხატავენ ძირითადად: გერმანიაში (37,2%), აშშ-ში (16,8%), გაერთიანებულ სამეფოში (11,4%), იტალიაში (5,4%), საფრანგეთსა და რუსეთში (3,4%).

გამოკითხვამ აჩვენა, რომ თითქმის ყოველი მეხუთე სტუდენტი (21,3%) არ ფლობს მშობლიურის გარდა არც ერთ სხვა (უცხო) ენას. სტუდენტების თითქმის ნახევარი (48,8%) ფლობს ინგლისურს, 22,4% – რუსულს, ხოლო გერმანულს - 6,6%. ამასთან, 2 უცხო ენას ფლობს სტუდენტების 14,9%, ხოლო 3-ს - 3,4% მათ შორის, ვინც იცის უცხო ენა, ენის ცოდნის კოეფიციენტი შეადგენს 1.18-ს, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს თითქმის 1,4 -ჯერ ჩამორჩება (ევროკავშირი – 1.6 და მეტი).

საქართველოს სტუდენტთა განათლების მოთხოვნილების სტრუქტურაში აშკარად გამოკვეთილია ეკონომიკის და ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობები (45,6%). არჩეული სპეციალობების მიხედვით გოგონები სჭარბობენ ვაჟებს საბუნებისმეტყველო და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით, თანაბრადაა არჩეული ჰუმანიტარული სპეციალობები, ხოლო დანარჩენი მიმართულებით ვაჟთა რაოდენობა აღემატება გოგონებს, განსაკუთრებით, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აგრარული სპეციალობებით ძირითადად ვაჟები სწავლობენ, რაც სამწუხაროდ მიანიშნებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის დარგებით, გოგონები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი.

უცხოეთში წასვლის მსურველ სტუდენტთაგან მხოლოდ სწავლის გაგრძელების მიზნით წასვლას აპირებს 26,9%, თუმცა მათი უმრავლესობა (59,0%) აპირებს სწავლას შეუთავსოს დასაქმება.

სასწავლებლად წამსვლელ სტუდენტთა მიერ ქვეყნის შერჩევისას ძირითადად გათვალისწინებულ იქნა: არჩეულ ქვეყანაში უახლოესი ნათესავის, ან მეგობრის ცხოვრება, ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც სურს სწავლა – 40,6%; პროფესიული გამოცდილების – 19,8% და დასაქმების მეტი შესაძლებლობა – 17,6 %; ამ ფონზე ნეგატიურია ის, რომ სტუდენტთა 53,5%-ს ჯერ არ შეურჩევია უმაღლესი სასწავლებელი.

საინტერესოა, რომ სტუდენტთა უმრავლესობას (62,9%) სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრატურაში, 10,1% – დოქტორანტურაში, 2,2% – სამედიცინო რეზიდენტურაში, 13,7%-ს ცალკეულ მოკლევადიან პროგრამებში, რაც მიუთითებს სტუდენტთა სურვილზე მიიღონ მაღალი დონის პროფესიული განათლება. საინტერესოა, რომ სტუდენტთა 65,5% აპირებს თავისი სპეციალობით სწავლის გაგრძელებას, 23,2% – მონათესავე სპეციალობით, 17,3% – უფრო ფართო პროფილით, ხოლო 5,6% აპირებს სპეციალობის შეცვლას.

2017 წლის მონაცემებით 25 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე
28,9%-ია, მაშინ როდესაც მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში – 2,3-ჯერ უფრო დაბალი – მხოლოდ 12,4%. ამის გარდა, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 16-24 წლის სტუდენტებში მხოლოდ 16,3 %-ა, მაშინ როდესაც 25 და მეტი წლის მოსახლეობაში – 1,8-ჯერ უფრო მაღალი– 29,2 %.

სტუდენტების საშუალო თვიური ანაზღაურება (დაახლოებით 480 ლარი) ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა ხელფასთან შედარებით დაახლოებით 2.2-ჯერ დაბალია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოს შეთავაზების შემთხვევაში, გამოკითხული სტუდენტების პასუხებით, ხელფასის სავარაუდო საშუალო მაჩვენებელი 837 ლარს შეადგენს, რაც თითქმის ¾-ით აღემატება დასაქმებული სტუდენტების ფაქტობრივ საშუალო ანაზღაურებას (480 ლარი), თუმცა მაინც თითქმის ¼-ით ჩამორჩება ეროვნულ მეურნეობაში გამოკითხვის მომენტისათვის არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

დასაქმებულ სტუდენტთაგან, ქვეყანაში დაბალი ანაზღაურების გამო, უახლოეს სამ წელიწადში საზღვარგარეთ წასვლას აპირებს თითქმის ყოველი მეოთხე (24,4%), რაც მნიშვნელოვნად აღემატება ათი წლის წინ ანალოგიურ მონაცემებს. (2008 წ. – 17,4%). ამასთან, 2008 წლის გამოკვლევით, სტუდენტთა 58,8% ემიგრირების შემთხვევაში აპირებდა არალეგალურ მუშაობას, თუ ამას კანონიერად ვერ მოახერხებდნენ [ჭელიძე ნ. 2008: 103]. ჩვენი გამოკვლევით კი მნიშვნელოვანი ნაწილი (62%) არ აპირებს არალეგალურად საქმიანობას. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში საკუთარი სპეციალობით დასაქმება სურს ნახევარზე მეტს (50,3%); წასვლის მთავარ ფაქტორად მაღალანაზღაურებად სამუშაოს მიიჩნევს სტუდენტების 17,2%.

 საზღვარგარეთ მუშაობაზე სტუდენტები იმ შემთხვევაში აპირებენ დათანხმებას, თუკი ანაზღაურება დაახლოებით 1000 დოლარი მაინც იქნება, რაც დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება საქართველოში საშუალო ხელფასს და 5-ჯერ და მეტად – დასაქმებული სტუდენტების შრომის ფაქტობრივ ანაზღაურებას.

აღსანიშნავია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი თანახმაა საკუთარ სამშობლოში მუშაობა დაიწყოს მინიმუმ 837 ლარის ანაზღაურების პირობებში,მაშინ, როცა საზღვარგარეთ სასურველი ანაზღაურებისმინიმალური თამასა 2500 ლარს აღემატება (3-ჯერადი სხვაობა). თანაც, ეს სხვაობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო დაბალია სამშობლოში ანაზღაურების სიდიდე. თუ სამშობლოში სტუდენტთა მაღალ და დაბალანაზღაურებად მაჩვენებლებს შორის განსხვავება დაახლოებით 3.3:1-ზეა, საზღვარგარეთსასურველხელფასთა სიდიდეებს შორის სხვაობა 30%-ის ფარგლებშია, რაც რესპოდენტთა ზეოპტიმიზმისა და, არც თუ გარანტირებული პერსპექტივის მქონე მოლოდინების გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.

უცხოეთში სტუდენტი-ახალგაზრდობის წასვლის მოტივაცია ცალსახად მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდება (78,6%). განსაკუთრებით მაღალიაიგი საკუთარ ქვეყანაში დასაქმების უპერსპექტივობის გამო (გამოკითხულთა 47,5% და პასუხის გამცემთა 48,6%). ამასთან, სხვადასხვა მოტივის დასახელების დროს (ოჯახის მძიმე მატერილური მდგომარეობა, ფულის დაგროვების სურვილი) დასაქმებულ სტუდენტთა შემოსავლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან (დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში), რაც, ჩვენი აზრით, სამუშაო ადგილების საკუთარ სამშობლოში ვერ პოვნის ეგზისტენციური საფრთხითაა გამოწვეული.

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში თითქმის ნახევარი (49,8%) სამუშაოს პერსპექტივას საკუთარ სპეციალობას უკავშირებს, რაც ფაქტობრივად 3-3-ჯერ აღემატება სხვა მისაღებ გარემოებებს.

საზღვარგარეთ ახალგაზრდობისმიგრაციის მოტივაციაზე სერიოზულ გავლენას ტრანზაქციების მოცულობა. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 25 წლამდე ახალგაზრდებზე საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების 12-15% მოდის. მხოლოდ 2011-2017 წლებში25 წლამდე ახალგაზრდებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში, სულ ცოტა, 1.1-1.4 მლრდ. აშშ დოლარის ფულადი ტრანზაქცია განახორციელეს. ეს თანხა 2.4-3.0-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმაღლეს განათლებაზე გაღებული ასიგნებების მოცულობას და უტოლდება საქართველოს მთელი მოსახლეობის ერთი კვარტალის მანძილზე მიღებული შემოსავლების მოცულობას. თუმცა საკუთარ ქვეყანაში არასაკმარისი სამუშაო ადგილების გამო, ენერგიული, კომპეტენტური და ამბიციური ახალგაზრდების მასობრივი გადინების მთლიანი ზარალის ფონზე, საკმაოდ სოლიდურიმოცულობის ტრანზაქციების ეფექტიანობა, დემოგრაფიული ეკონომიკური და სოციალური სარგებლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ფერმკრთალდება.

ამდენად, მაღალი უმუშევრობა, სამუშაოს შოვნის მცირე პერსპექტივა, დაბალი ანაზღაურება, განათლების სისტემის გაუმართაობა  და ზოგადად კეთილდღეობის არადამაკმაყოფილებელი დონე, ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალგაზრდების საზღვარგარეთ წასვლის მოტივაციას არსებითად ზრდის. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვანი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებას.

2030 წლამდე, ევროკავშირის ქვეყნების მიგრაციის დადებითი სალდოს ფონზე, საქართველოსათვის გარე მიგრაციის ძირითად ტენდენციად უარყოფითი სალდო დარჩება, თუმცა მიგრაციული პოტენციალის შემცირების გამო, მისი რაოდენობრივი კლების ტენდენციაა მოსალოდნელი და 2040 წლისთვის საქართველოსათვის გარე მიგრაციის სალდო 0-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამ თვალსაზრისით აუცილებელია გარე და შიგა მიგრაციული პროცესების ოპტიმიზაციის გრძელვადიანი და ეფექტიანი ეროვნული მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება (რაც არასდროს გაჩნდა ქვეყანას), სადაც პრიმატი ემიგრანტთა დაბრუნების სათანადო პირობების შექმნასთან ერთად, ახალგაზრდული პრობლემების მოგვარებას უნდა მიენიჭოს.